თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რუსეთის რეზოლუცია ნაციზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
რეზოლუციას მხარი 118-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49, თავი შეიკავა 14-მა.
დოკუმენტის მხარდამჭერთა შორის არიან: საკუთრივ რუსეთი, ჩინეთი და ისრაელი. წინააღმდეგი იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საქართველო, უკრაინა, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, ავსტრია და სხვები.
დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, მიიღონ შესაბამისი კონკრეტული ზომები, „მათ შორის, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროებში, რათა აღიკვეთოს მეორე მსოფლიო ომის ისტორიისა და შედეგების გადახედვა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უარყოფა, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულები“.
გარდა ამისა, რეზოლუცია მკაცრად გმობს ისეთი საგანმანათლებლო მასალებისა და რიტორიკის გამოყენებას სწავლებაში, რომლებიც რასიზმის, დისკრიმინაციის, სიძულვილისადა ძალადობის პოპაგანდას შეიცავს ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.
როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, ჩინეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ეგვიპტე, დისტანცირდნენ ტექსტში შეტანილი დასავლური შესწორებისგან, რომ მოსკოვი „უკრაინის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიული აგრესიის გამართლებას ნეონაციზმის აღმოფხვრის სავარაუდო მიზნით ცდილობს“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს ასეთი პროექტი გაეროს გენასამბლეაში ყოველწლიურად შეაქვს.