თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 9,2%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.405 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.766,7 ათასი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 822,2 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 35,7% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 772,1 | 43,7 |
შოპინგი | 305,5 | 17,3 |
დასვენება და გართობა | 291,9 | 16,5 |
მეორე სახლში წასვლა | 168,7 | 9,6 |
მკურნალობა | 144,7 | 8,2 |
პროფესიული საქმიანობა | 36,4 | 2,1 |
სხვა | 47,5 | 2,7 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 2023 წლის მესამე კვარტალში 366,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 5,8%-ით მეტია 2022 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 11,9%-ით და 207,3 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
საკვები და სასმელი | 122,1 | 63,5 |
შოპინგი | 108,5 | 61,4 |
ტრანსპორტი | 70,7 | 40,0 |
განთავსება | 34,4 | 19,5 |
გართობა | 5,5 | 3,1 |
სხვა | 35,0 | 19,8 |
შიდა ტურისტების 55,3% ქალია.