თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის თმის ფერის მიხედვით შეფასება, რომ თითქოს შავთმიანები ჭკვიანები არიან, ქერები — არცთუ გონიერები, ხოლო წითურები სექსუალურები და ექსცენტრიულები, უბრალოდ სტერეოტიპებია და მეტი არაფერი, ამბობს ჩინური ფიზიოგნომიკის სპეციალისტი ჯინ ჰანერი.
მისი თქმით, ადამიანის თმის მიხედვით შეფასებისას ყურადღება სულ სხვა მაჩვენებლებს უნდა მიექცეს.
როგორც ჰანერი ირწმუნება, თმის ტიპი და სიგრძე უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხასიათის განსაზღვრაში, ვიდრე ფერი.
მაგალითად:
ხშირი თმის მქონე ქალებს წარმოუდგენელი ნებისყოფა აქვთ;
თხელთმიანებს გამუდმებით სჭირდებათ სხვების დახმარება;
გრძელი თმა მფლობელს მეტ ძალასა და ქალურ ენერგიას სძენს, მაგრამ გეგმების რეალიზაციას აყოვნებს;
საშუალო სიგრძის თმა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ყველაზე მეტად ლოგიკას აფასებს, არის მიზანსწრაფული და კონკურენტუნარიანი;
მოკლე თმა მკაცრ, მამაკაცურ ენერგიაზე მეტყველებს, რომელიც შედეგების სწრაფად მიღებაზეა მომართული.
ჰანერის თქმით, თუ ქალს რაიმე ცხოვრებისეული პერიოდის გახანგრძლივება სურს, ჯობს თმა გაიზარდოს, ხოლო თუ ცვლილებები უნდა — ჯობს შეიჭრას.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, ქალისთვის თმის ვარცხნილობის შეცვლა ძლიერი სტიმულია წინსვლისთვის.
„ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა დეპრესიიდან თავის დაღწევის ამოსავალი წერტილი ვარცხნილობის რადიკალური შეცვლა გამხდარა. თუ ქალი წლების განმავლობაში არ იცვლის ვარცხნილობას, ესე იგი, შეჩვეული ძველის დაკარგვისა და გაურკვეველი სიახლეებისა ეშინია. პიროვნების ყველა ასპექტის გამოსავლენად კი იმიჯის შეცვლაა საჭირო“, — ამბობს იგი.
რაზე მეტყველებს თმისა და ვარცხნილობის ტიპები?
სწორი თმა — ასეთი თმის მქონეები, როგორც წესი, გამოირჩევიან სპონტანურობით, მიზნების მიღწევის სურვილით და ცხოვრებაზე მკაფიო შეხედულებებით.
ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ ადამიანს ბუნებრივად სწორი თმა აქვს, მაგრამ გამუდმებით იხვევს მას, ესე იგი, ცდილობს, მეტი სიამოვნება მიიღო ცხოვრებისგან.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ საშუალო სიგრძის სწორი თმა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი საკმაოდ მიზანდასახულია და გონიერი.
კულულები
მსუბუქად დატალღული ან ძალიან ხვეული თმა ხშირად აქვთ შემოქმედებითი ხასიათის ადამიანებს. ბუნებით ისინი უფრო აქტიურები და არაპროგნოზირებადი არიან, ვიდრე სწორი თმის მქონეები.
გარდა ამისა, ხვეულთმიანები ხშირად სწრაფად იძირებიან ურთიერთობებში, თუმცა ასევე სწრაფად უცივდებათ გრძნობა.
ნაწნავები
გოგონებს, რომლებსაც ნაწნავები უყვართ, უთქმელები, მშვიდები, ყურადღებიანები და აკურატულები არიან. ამასთან კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რაც უფრო მჭიდროა ნაწნავი, მით უფრო ჩაკეტილია და მგრძნობიარე მისი მფლობელი. ხოლო ისინი, ვინც ნაწნავს უჩვეულო ფორმებს აძლევენ, უფრო გახსნილები არიან სამყაროსა და ახალი გატაცებების მიმართ, აქვთ უფრო გამოხატული ინდივიდუალობა, ხოლო საზოგადოებრივი აზრი მათზე გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს.
ასიმეტრიული ვარცხნილობები
ასიმეტრიული ვარცხნილობა, უპირველეს ყოვლისა, მფლობელის ინდივიდუალურობაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს მის ხასიათს.
მკვეთრი ასიმეტრია გაბედულ ბუნებაზე, მისი მფლობელის მდიდარ შინაგან სამყაროზე, ცოდნისა და ინტერესების სიღრმეზე მეტყველებს.
თუ ვარცხნილობა ნაკლებად ასიმეტრიულია, ესე იგი ადამიანი შორსმჭვრეტელია და ჰარმონიული ხასიათი აქვს.
მოკლე ვარცხნილობა
ძალიან მოკლე ვარცხნილობა იმაზე მეტყველებს, რომ საქმე მამაც, გაბედულ ადამიანთან გაქვთ. ასეთი ვარცხნილობა შეიძლება არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი თავის გამოწვევაზე („მე ყველაფერი შემიძლია!“) მიანიშნებდეს.
გარდა ამისა, ძალიან მოკლე ვარცხნილობა ზოგ შემთხვევაში თავდაჯერებულობის ნიშანია.