თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების გახშირების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები მრავალეროვნულ ოპერაცია Prosperity Guardian-ს იწყებს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, იემენელი ჰუსიტების ბოლოდროინდელი „უგუნური თავდასხმები“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, არამედ „სრულიად უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონებს“.
„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელსაც კოლექტიური ქმედებები სჭირდება. ამიტომ დღეს ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაწყებას, რომელიც ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივაა გაერთიანებული საზღვაო ძალების ეგიდით“, — ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია Prosperity Guardian ბევრ ქვეყანას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, ბაჰრეინს, კანადას, საფრანგეთს, იტალიას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, სეიშელსა და ესპანეთს აერთიანებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს ჰუსიტები ორ სატვირთო გემს დაესხნენ თავს წითელ ზღვაში. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მანამდე ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ შეუტევენ ისრაელის მიმართულებით მცურავ ყველა გემს, მიუხედავად მათი კუთვნილებისა. კვირას სუეცის არხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 19 ნოემბრიდან 55 გემი იცვლის მარშრუტს ისე, რომ არხზე არ გაიაროს.