საქართველოში კონსერვატიული ფასეულობების მქონე ახალი პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა

პარტიის მთავარი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სამეზობლო პოლიტიკის ნორმალიზება, სოციალური სამართლიანობა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ათი თვით ადრე დაფუძნდა კონსერვატიული ფასეულობების მქონე ახალი პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
გაერთიანების რეგისტრაცია 15 დეკემბერს მოხდა, ხოლო პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2023 წლის 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას 350 დელეგატი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყრილობა პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარედ მერაბ ჭიქაშვილი აირჩიეს, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა მიხეილ ჟღენტმა დაიკავა, პოლიტიკური მდივანი თემურ ფიფია, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, ხოლო აღმასრულებელი მდივანი თემურ მაისურაძე გახდა.
„ჩვენ ვართ კონსერვატიული ღირებულებების პარტია, სოციალური სამართლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით, რომელიც ძალას არ დაიშურებს საზოგადოების გაერთიანებისთვის და მშვიდობისთვის!“ - განაცხადა ჭიქაშვილმა.
პარტიის მთავარი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სამეზობლო პოლიტიკის ნორმალიზება, სოციალური სამართლიანობა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, პერიოდში, როდესაც ყველგან ომია, იქნება ეს კავკასია თუ ახლო აღმოსავლეთი, ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის გადასარჩენად საჭიროა საზოგადოების მობილიზება მშვიდობის იდეის გარშემო.
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. პარტიის ლიდერები ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს, მშვიდობის იდეის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობენ.
არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ოპოზიციონერი >>
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.