თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უკრაინა დაფინანსების დეფიციტს იმ შემთხვევაში გაუმკლავდება, თუ ეს მხოლოდ „ორიოდე თვე“ გაგრძელდება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
Financial Times-თან ინტერვიუში გეორგიევამ შეაქო უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის „ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, ინფლაციის შეკავებისა და საგადასახადო ბაზის გაძლიერებისთვის“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ უკრაინის „ეკონომიკური აღდგენა“ რისკის ქვეშ დადგება, თუ დასავლეთის მხრიდან დაფინანსების პრობლემები უფრო მეტ ხანს გაგრძელდება და ქვეყანას ამგვარ პირობებთან ადაპტაცია მოუწევს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი არ გაჭიანურდეს, ვინაიდან უკრაინას გაუჭირდება ადაპტაცია. და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებას ელოდა. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში [დახმარების ახალი პაკეტების დასამტკიცებლად] მუშაობა გაგრძელდება. მთლიანობაში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ [უკრაინა] დაფინანსებას მიიღებს“, — აღნიშნა გეორგიევამ.
ოქტომბერში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის 61,4 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე მოთხოვნა გადასცა, მაგრამ დაფინანსების პროექტი აქამდე არ არის შეთანხმებული.