თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას - დემოკრატიულ საქართველოს“ ალტერნატივა არ აქვს, შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ის მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მიუწევთ.
„ქართული ოცნება“ - ის პოლიტიკური ძალაა77, რომელიც 2024 წელს დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამის თქმის საშუალებას საზოგადოების განწყობები მაძლევს. ყველა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიას არ ჰყავს ალტერნატივა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობასაც მოიპოვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ექს-პრემიერ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, კალაძის თქმით, ის დიდი ხანია ჩამოშორდა პოლიტიკას.
„დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა“, - აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.