თბილისში 12 ათასზე მეტი აბონენტი კერძო კომპანიის შეცდომის გამო გაზის გარეშე დარჩა

გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანების გამო დიღმის მასივში 12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
ერთერთმა კერძო კომპანიამ, რომლის ვინაობა არ სახელდება, მიწის გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა.
გაზის გარეშეა დარჩენილი არამარტო მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობა და მსხვილი კომერციული ობიექტები, არამედ ძიუდოს ფედერაციის შენობა, საფეხბურთო კლუბი „დინამო”, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი და „მწვანე სკოლა“.
გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.
„გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას სხვა კომპანიის შეცდომით გამოწვეული დისკომფორტის გამო.