თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი უფადან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს 2024 წლის 26 იანვრიდან შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით - პარასკევობით თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 განახორციელებს - უფადან გამოფრენის დრო 06:50 წუთი, ფრენის დრო 3 საათი.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.