თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბიაჯანმა“ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს „ენი აზერბიაჯანის“ მმართველთა გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.
კენჭისყრაზე ილჰამ ალიევის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატის სრულუფლებიან წარმომადგენლებად „ენი აზერბიაჯანის“ თავმჯდომარის მოადგილეები თაირ ბუდაგოვი და ალი ახმედოვი დანიშნა. ასევე სრულუფლებიან წარმომადგენლად ფინანსურ საკითხებში ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე ალიმხან ტაგიევი დაინიშნა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.
შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს აზერბაიჯანში 2018 წლის აპრილში ჩატარდა.