2023 წელს ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა და 800 ათასი შეადგინა, რაც დარღვევებზე კონტროლის გამკაცრებასთანაა დაკავშირებული, განაცხადა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა პრესკონფერენციაზე.
ამჟამად ჯარიმა ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის 50 ლარს შეადგენს და თვეში ერთხელ იწერება. ჯარიმის გადასახდელად დაწესებულია ერთთვიანი ვადა, შემდეგ იწყება საურავის დარიცხვა. თუ ავტომობილის მფლობელი ჯარიმას ექვს თვეში არ გადაიხდის, მას შეიძლება მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოართვან.
„თუ ავიღებთ 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდს, დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვიანობის რაოდენობა, რაც, ვფიქრობ, განპირობებულია იმით, რომ გამკაცრდა ადმინისტრაციული სასჯელი, გაიზარდა განმეორებითი ჯარიმების მოცულობის ოდენობა. დეკემბრამდე ტექდათვალიერების ცენტრებში პირველადი დათვალიერებისთვის 800 ათასამდე მანქანა იყო წარმოდგენილი", - განაცხადა შიოლაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთი ავტომობილი კვლავაც ტექდათვალიერების გარეშე გადაადგილდება - ქვეყანაში დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი ავტომობილია, საიდანაც გასულ წელს ტექდათვალიერება 789 ათასმა გაიარა.
რაც შეეხება ავტომობილებს, წელს ძალაში შევიდა დადგენილება განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის შემოღების შესახებ.
როგორც ადრე, ინსპექტირების ცენტრებში შემოწმების პროცესი არ მოიცავს დიაგნოსტიკას. ამიტომაც სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს დაახლოებით 20-დან 25%-მდე. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით მეტი იყო, აღნიშნა მან.
„ტექდათვალიერებისას ძირითადად ვლინდება შემდეგი სახის პრობლემები - ფარების, გამონაბოლქვი სისტემის, სამუხრუჭე სისტემის, საბურავების გაუმართაობა“, - დასძინა შიოლაშვილმა.
ტექდათვალიერების გავლის 30 დღის განმავლობაში დარღვევების მეორედ გამოვლენის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 150 ლარით დაჯარიმდება, 30 დღის განმავლობაში მომდევნო დარღვევის შემთხვევაში - 300 ლარით, ხოლო კიდევ ერთი დარღვევისას - 500 ლარით.
იურიდიული პირებისთვის ჯარიმა შესაბამისად შეადგენს 300, 500 და 700 ლარს.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.