უებრო მხედართმთავარი და ბრძენი მმართველი იყო ვახტანგ გორგასალი. მის ჰეროიკულ ცხოვრებაზე ქართველებს ბევრი სმენიათ, თუმცა, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ გორგასალი სპარსეთის შაჰთან ერთად ებრძოდა ბიზანტიას და, თუ ქართველ მემატიანეებს ვენდობით, მისი ლაშქარი ბოსფორის სრუტემდეც მისულა.
მეხუთე საუკუნის შუა წლებში სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ომი მძვინვარებდა — მესოპოტამიაში ერკინებოდნენ ერთმანეთს. ამით ვახტანგ მეფეს ხელსაყრელი პირობები შეექმნა იმითვის, რომ ქართველური რეგიონების შემოსაერთებლად ბრძოლა დაეწყო.
464 წელს ვახტანგ გორგასალმა ქართველთა, სომეხთა და ჩრდილოკავკასიელთა გაერთიანებული ჯარებით გრანდიოზული ლაშქრობა მოაწყო ბიზანტიის სიღრმეში. მაშინ მრავალი ქალაქი და ციხესიმაგრე დაეცა ქართველი გვირგვინოსნის წინაშე.
იმ დროს იბერიული სამხედრო ძალები საუკეთესოდ მიიჩნეოდა ახლო აღმოსავლეთში. ბიზანტიელებმა, რომელთა ძირითადი ძალები პეროზ მეფესთან საბრძოლველად იყო გადასროლილი, გორგასლის ჯარი ვერ შეაჩერეს და კოალიციური ლაშქარი ქალაქ ქალკედონს (ახლანდელი სტამბოლის რაიონი ქადიქოი) სამი დღის სავალზე მუახლოვდა. სწორედ იქ გაიმართა გენერალური ბრძოლა.
გორგასლის ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. ბიზანტიელთა სარდალი პოლიკარპოსი ვახტანგ მეფესთან ორთაბრძოლაში დაიღუპა. კეისარმა პირველმა ითხოვა ზავი — პირადად ეახლა ქართველ გვირგვინოსანს. ზავი შედგა და ვახტანგ მეფემ კავკასიაში ყველა ქვეყანა ქართლს შემოუერთა.
ეს ის პერიოდია, როდესაც ვახტანგ მეფის მეუღლემ, დედოფალმა ბალენდუხტმა, ტყუპები − ძე და ასული აჩუქა მცხეთის სამეფო კარს, მაგრამ თავად მშობიარობას გადაჰყვა. ქვრივი ვახტანგ მეფე ბიზანტიის იმპერატორ ლეონ პირველის ასულ ელენეზე დაქორწინდა და ერთ დროს მტრებად ქცეული ბიზანტია და იბერია მოკავშირეებად იქცნენ.
რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯში შორს მიმავალი პოლიტიკური გათვლები იკითხება, თუმცა ბიზანტიელებთან დაზავება და მათ ბანაკში გადასვლა ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ თუ ღვთიურმა სასწაულმა დააჩქარა.
საქმე კი ასე იყო: ვახტანგ გორგასალი, მიუხედავად იმისა, რომ სპარსელებთან ერთად ებრძოდა ბიზანტიელებს, თავის მეომრებს საგანგებოდ აფრთხილებდა, არ შეხებოდნენ ეკლესიებს. უფრო მეტიც, ტყვეებს თავისუფლებას ანიჭებდა და ამიტომ მეფის ლმობიერებას მინდობილი მრავალი მღვდელი და მონაზონი გამოვიდა სამალავიდან.
მათ შორის იყვნენ მღვდელი პეტრე და სამოელ მონაზონი, რომლებიც ძალიან დაიახლოვა მეფემ. სწორედ მათ უთხრეს ვახტანგს, არ ეგებისო ქრისტიანისგან ურჯულოთა მხარდამხარ ერთმორწმუნეთა რბევა-შევიწროება, ბერძენი კეისრის თანადგომას გირჩევთო. ვახტანგმა უპასუხა, თქვენს რჩევას უფლის ნებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიჩნევ, თუკი სიზმარში თავს კეისრის გვერდით ვიხილავო.
და იმ ღამეს ვახტანგმა სიზმრად ორი ტახტი იხილა, რომელთაგან ერთზე საჭურვლიანი, გვირგვინოსანი ჭაბუკი იჯდა — ბიზანტიის იმპერატორი ლეონ პირველი, მეორეზე კი — სპეტაკი ზეწრით მოსილი და ნათლის გვირგვინით დამშვენებული მოხუცი — გრიგოლ ღვთისმეტყველი. მის ფერხთით კი წმინდა ნინო იჯდა.
ვახტანგის მარჯვენა ხელი პეტრე მღვდელს ეჭირა, მარცხენა — სამოელ მონაზონს. სამოელმა ანიშნა, რომ მიახლოებოდა და თაყვანი ეცა გრიგოლ ღვთისმეტყველისათვის. როცა მეფე მოხუცს მიეახლა, წმიდანმა რისხვით უსაყვედურა თავისი სამწყსოს შემუსვრისთვის და უთხრა, დედაღვთისა და წმინდა ნინო იღვწიან ქართველებისთვის და ამიტომ გეპატიაო ქრისტიანების წინააღმდეგ ომი.
ამის შემდეგ გრიგოლ ღვთისმეტყველი ხელით შეეხო თავის ნათლის გვირგვინს, რომლისგანაც მსგავსი გვირგვინი შეიქმნა და გადასცა ქართველ მეფეს პეტრესთვის დასადგმელად. შემდეგ პეტრემ დაადგა სამოელს უკვე თავისი გვირგვინიდან წარმოქმნილი მსგავსი გვირგვინი.
მერე წმინდა ნინომ უთხრა ქართველ მეფეს, მიდი კეისართან და მიიღე ნიჭი შენიო. მივიდა გორგასალი კეისართან, გადაკოცნეს მეფეებმა ერთმანეთი და კეისარმა გვერდში მიისვა ქართველთა მეფე საიმპერატორო ტახტზე. მერე მოიხსნა იმპერატორმა თითიდან ბეჭედი და უთხრა ვახტანგს:
— თუ გნებავს, რომ მოგცე გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც დგას ჩვენს ზემოთ, რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი.
მიიხედა ვახტანგ მეფემ და დაინახა ჯვარი, რომელსაც თავს ედგა გვირგვინი. ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა მეფე. წმიდა ნინომ, პეტრემ და სამოელმა ერთხმად თქვეს:
— ჰოი, ჯვარო უძლეველო, ჩვენ ვართ თავმდებნი!
კეისარმა მოხსნა გვირგვინი ჯვარს და დაადგა ვახტანგ გორგასალს თავზე...
გაიღვიძა მეფემ და მადლობა შესწირა უფალს, რომ „ყოველივე გამოუცხადა“. მართლმორწმუნე მეფემ ბიზანტია დატოვა და ჯარით სამშობლოში დაბრუნდა.
იმის მერე ვახტანგ გორგასალმა თითქმის ოთხი ათეული წელი შეალია ქრისტესთვის ბრძოლას და მაზდეანური სპარსეთის შესამუსრად აღმართული მახვილი სიკვდილამდე აღარ ჩაუგია.