მსოფლიო დღეს

ჰამასის ლიდერი: ომისშემდგომი ღაზა უჩვენოდ - ეს ბოდვაა

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. ღაზის სექტორის ომისშემდგომ განვითარებაზე ნებისმიერი გეგმა, რომელშიც ჰამასი არ მიიღებს მონაწილეობას, ილუზიაა, განაცხადა ისმაილ ჰანიამ, რომელიც რადიკალური დაჯგუფების ლიდერად მიიჩნევა.

„ღაზის სექტორზე ან პალესტინის საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკება ჰამასის ან წინააღმდეგობის მოძრაობის ფრაქციის გარეშე, არის ილუზია“, -აღნიშნა მან ტელემიმართვაში.

ამასთან ჰანიამ განაცხადა, ის „ღიაა“ ომის დასრულებაზე ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, „ნებისმიერი დისკუსიისთვის, იდეისა და ინიციატივისთვის, რომელსაც შეუძლია ბოლო მოუღოს [ისრაელის] აგრესიას და კარი გაუღოს პალესტინის სახლში წესრიგის დამყარებას − როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ისე ღაზის სექტორში“.
ამის პარალელურად კი ისრაელის ხელისუფლება კვლავაც ამტკიცებს, რომ ამ ომში მისი ერთ-ერთი მიზანი ჰამასის სრული განადგურებაა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელი „იბრძოლებს ბოლომდე, გამარჯვებამდე, ჰამასის განადგურებამდე“.
წყარო: Times of Israel