თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბოლო ორ თვეში მებაჟე ოფიცრებმა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერებისას არადეკლარირებული 163.900 დოლარი, 1.250 ევრო და 5.501,500 რუსული რუბლი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 613.669,6 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით ჯამში 61.447, 894 ლარით დაჯარიმდნენ.