თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, იუწყება BBC.
გამოცემის ინფორმაციით, რეზოლუციას, რომელიც „სავალდებულო არ არის, არ აქვს პოლიტიკური ძალა და მხოლოდ ომზე გლობალურ ხედვას ასახავს“, მხარი გაეროს 193 წევრიდან 153-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 10, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის იყო შეერთებული შტატებიც.
„ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა, საუკეთესო შემთხვევაში, იქნება დროებითი, ხოლო უარეს შემთხვევაში - საშიში ისრაელელებისთვის, რომლებზეც უწყვეტი თავდასხმები გაგრძელდება. ეს ასევე საშიში იქნება პალესტინელებისთვისაც, რომლებიც იმსახურებენ შანსს, ჰამასისგან გათავისუფლებულებმა უკეთესი მომავალი ააგონ საკუთარი თავისთვის“, — განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა კენჭისყრის წინ.
დოკუმენტი უარყოფითად შეაფასა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა გილად ერდანმაც, რომელმაც გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა, რადგან მასში ნახსენები არ იყო ჰამასი. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა „მხოლოდ გაახანგრძლივებს რეგიონში სიკვდილიანობასა და ნგრევას“.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არ მიიღო ავსტრიისა და შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული შესწორებები, მათ შორის ფრაზები:
„ჰამასისა და სხვა დაჯგუფებების მიერ დაკავებულები“ — ღაზაში მძევლებთან დაკავშირებით;
ფრაზა, რომელიც გმობს ჰამასის „ისრაელზე ამაზრზენ თავდასხმას 2023 წლის 7 ოქტომბერს და მძევლების აყვანას“;
სიტყვა „დაუყოვნებლივ“ — ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
აღნიშნული რეზოლუცია ეგვიპტემ (არაბული ჯგუფის თავმჯდომარე გაეროში) და მავრიტანიამ (ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარე) მოამზადეს. როგორც ავტორებმა განაცხადეს, დოკუმენტი „წმიდად ჰუმანიტარულია“ და არ სურთ მისი პოლიტიზირება.
მანამდე, პარასკევს, იგივე შინაარსის რეზოლუცია დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოში. აღსანიშნავია, რომ გენასამბლეის რეზოლუციისგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოს დოკუმენტი სავალდებულოა შესასრულებლად.
უფრო ადრე, ოქტომბერში, გაერომ უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „დაუყოვნებელ, მდგრად და უწყვეტ ჰუმანიტარული ზავს“ მოითხოვდა, „საომარი მოქმედებების შემდგომი შეწყვეტით“. მაშინ მას მხარი 121-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.