საქართველო პირდაპირი რეისებით შესაძლოა ისლანდიასა და სეიშელის კუნძულებს დაუკავშირდეს

ურთიერთგაგების მემორანდუმები ერ-რიადში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. დაინტერესებულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირდაპირი რეგულარული ფრენები, რომლებიც საქართველოს დააკავშირებენ ისლანდიასთან და სეიშელის კუნძულებთან. იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში, ისლანდიასთან და სეიშელთან საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.
საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები ისლანდიის და სეიშელის რესპუბლიკების საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.
ქართული ავიაკომპანია Georgian Wings თბილისს კიშინიოვთან დააკავშირებს >>
წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებიც საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებამდე, ისლანდიასთან და სეიშელთან პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.