თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი, აგრძელებს მის დარღვევას, მას აღარ აქვს ის ლეგიტიმაცია, რაც ჩვეულებრივ პრეზიდენტებს აქვთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბიშვილი, მიუხედავად მთავრობის უარისა, 10-12 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში მაინც გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მან ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან შეხვედრა გამართა. მანამდე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში შედგება, ეს იქნება კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი და უხეში დარღვევა.
„ის, რასაც ზურაბიშვილი ახლა აკეთებს, ამას თავისი სახელი უკვე დაერქვა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ე.წ პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო, უკაცრავად ამ მძიმე გამოთქმისთვის, მაგრამ თავზე გადაიხია კონსტიტუცია, ისე რომ არც დაფიქრდა, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მმართველმა პარტიამ მკაფიოდ განსაზღვრა პრეზიდენტის ქმედებები.
„ჩვენ ამას კონკრეტული სახელი დავარქვით და, შესაბამისად, მას აღარ აქვს იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორიც ჩვეულებრივ აქვთ პრეზიდენტებს. საბედნიეროდ, გარკვეულ საკითხებში ეს ჩვენ გვეხმარება", - განაცხადა მდინარაძემ.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.