10 თემა, რომლებზეც უახლოეს ნათესავებსაც კი არ უნდა ელაპარაკოთ: ფსიქოლოგის განმარტება

Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. არსებობს თემები, რომელთა გამხელაც უახლოესი ნათესავებისთვისთვის და ოჯახის წევრებისთვისაცკი არ ღირს, აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგი ჯოშუა კოულმენი.
მისი თქმით, ბევრი მშობელი უხეშად ერევა უკვე ზრდასრული შვილის ცხოვრებაში, ზეწოლას ახდენს მასზე და ცდილობს ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, როგორიც თავად მოსწონს.
იმისათვის, რომ ამგვარი დამოკიდებულება კონსტრუქციულ ურთიერთობად გადაკეთდეს, ექსპერტს მიაჩნია, რომ ადამიანმა ვექტორი უნდა შეცვალოს; ანუ, არ უნდა შეეშინდეს, რომ ვინმეს თვალში უხეში გამოჩნდება, როცა საქმე მისი პირადი საზღრების დარღვევას ეხება.
„თუ გარკვეული თემები დისკომფორტს იწვევს, გააგებინეთ ადამიანს, რომ ეს თქვენთან ურთიერთობაში აკრძალული თემებია. საზღვრების დადგენა დაგეხმარებათ, მეტად თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ნათესავებთან ურთიერთობაც გააკონტროლოთ“, − ამბობს კოულმენი.
ფსიქოლოგის თქმით, არსებობს ათი მთავარი თემა, რომლებზე საუბარსაც უბრალოდ გვერდი უნდა აუაროთ.
ეს თემებია:
პრობლემები ცოლ-ქმარს შორის
ყველა პრობლემა, გაუგებრობა და უთანხმოება, რომლებიც ერთობლივ ცხოვრებაში წარმოიქმნება, ეხება მხოლოდ ცოლ-ქმარს. მარკოზის სახარებაში არის ასეთი სტრიქონები:
„ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთხორც“.
თუ ცოლ-ქმარს შორის რაიმე პრობლემა წამოიჭრა, ამაში მშობლები არ უნდა ჩარიოთ. ჯობს ოჯახის ფსიქოლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ნაბიჯი განხეთქილების, ინტრიგებისა და კიდევ მეტი არეულობისკენ.
იგივე ეხება ქორწინებამდელ ურთიერთობებსაც. ზრდასრულმა ადამიანმა პირადი ცხოვრება თავად უნდა მოიწყოს. ამ გზაზე შეცდომები და „აცდენები“ გარდაუვალია, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ უნდა გამოიაროს.
ხელფასი და ხარჯები
თუ შვილების ფინანსური საქმეები კარგად მიდის და მათი შემოსავლები იზრდება, ახლობლებს შესაძლოა პრეტენზიები გაუჩნდეთ „ნამატზე“. ხოლო თუ შვილს ვალი დაედება, მშობელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს − რჩევების მიცემით, ზეწოლითა თუ გავლენით.
აშშ-ის ქორწინებისა და ოჯახური თერაპიის ასოციაციის კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებიც ფინანსური სტრესის დროს ერთმანეთის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ და ოჯახის ამბები გარეთ არ გააქვთ, ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ პრობლემებში სხვებს რევს.
ფულს სიჩუმე უყვარს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლობლებს რთულ სიტუაციაში ხელი არ უნდა გაუმართოთ. ეს სულ სხვაა.
სხვისი საიდუმლო
თუ ვინმემ საიდუმლო გაგანდოთ, ესე იგი, დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია ოთახს არ გასცდება. აქ მხოლოდ ნათესავებზე არ არის საუბარი − განდობილი საიდუმლოს გათქმა არავისთან არ შეიძლება!
მავნე ჩვევები
თუ ახლობლისთვის თქვენი ყველა საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტთ, დაუსვით თავს შეკითხვა: მოიტანს ეს რაიმე სარგებელს, თუ მხოლოდ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველს გააჩენს?
თუ მავნე ჩვევები გაქვთ და მათგან თავის დაღწევა გსურთ, ჯობს ნათესავ-ახლობლებს კი არ გადაუშალოთ გული, სპეციალისტს მიმართოთ. საქმე ისაა, რომ ნათესავ-ახლობლები არც ფსიქოლოგები არიან და არც ნარკოლოგები. ხოლო თუ მათ შორის მართლაც აღმოჩნდა ასეთი სპეციალისტი, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს კონტრგადატანის ფენომენი, როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის არსებული ემოციური კავშირი ხელს უშლის ობიექტურობასა და შესაბამისად, მკურნალობას. სწორედ ამიტომ ეკრძალებათ კანონმდებლობით ბევრ ქვეყანაში ფსიქოლოგებსა და ნარკოლოგებს ახლობლებისა და ნათესავების მკურნალობა.
პირადი ცხოვრების დეტალები
პირადი ცხოვრების წვრილმანების უახლოესი ნათესავისთვის გამხელასაც კი არანაირი სარგებელი არ მოსდევს − გარდა ზიანისა.
გამორიცხული არ არის, „მესაიდუმლე“ ნათესავთანაც კი მოგივიდეთ რაღაც უსიამოვნება, რის შემდეგაც მან შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება საჯაროდ გამოფინოს და ჭორიკნების „საკვებად“ გაქციოთ, ან თქვენი საიდუმლო შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს ისევ თქვენ წინააღმდეგ.
ზოგი სპეციალისტი პირადი ცხოვრების სიღრმეებზე ნათესავებთან საუბარს ფსიქიკური გადახრის ერთგვარ ფორმადაც კი მიჩნევს.
ფეხმძიმობის დაგეგმვა
არსებობენ ადამიანები, მათ შორის, ოჯახის წევრებიც, რომლებიც მეუღლეებს წამდაუწუმ უსვამენ კითხვას: „ბავშვის გაჩენას როდის აპირებთ?“ ეს, გარდა იმისა, რომ უტაქტობაა, თითოეული წყვილის პირადი საქმეა.
თუ მზად არ ხართ, არ შეიძლება შვილი მხოლოდ იმისთვის გააჩინოთ, რომ ვინმე გაახაროთ, ან მსგავსი შეკითხვის ხშირ-ხშირად დამსმელებს „პირი ამოუკეროთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება ტვირთადაც კი გექცეთ. ეს რომ არ მოხდეს, უბრალოდ აღკვეთეთ ამ თემაზე საუბრები – მოუნიშნეთ ადამიანებს პირადი საზღვრები.
ერთ-ერთი ნათესავის საიდუმლო
ყველა ადამიანის გარშემო არსებობენ „სწორი“ და „არასწორი“ ნათესავები. არ ღირს ერთის საიდუმლოს მეორესთვის გამხელა, თორემ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ნათესავების კონფლიქტში რომელიმეს მხარის დაჭერა მოგიხდეთ და უროსა და გრდემლს შორის აღმოჩნდეთ.
სამომავლო გეგმები
გეგმა − ეს პირადი საგზაო რუკაა, ორიენტირია და არა სიამაყის ან მსჯელობის საგანი. ამაზე საკუთარ მშობლებთანაც კი არ ღირს საუბარი. აი მეორე ნახევრისთვის კი გეგმების გამხელა უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელიც კია. ეს იმიტომ, რომ თქვენი გეგმები პირდაპირ ზემოქმედებს თქვენი მეუღლის ცხოვრებაზე. თქვენი სამომავლო ამოცანები სხვა არავის საქმე არ არის.
თანაც უნდა იცოდეთ, რომ ნეთესავებთან და მეგობრებთან საკუთარ გეგმებზე საუბარი რამდენადმე აკმაყოფილებს ადამიანს, მაგრამ, როგორც წესი, ამის შემდეგ მას ცვლილებებისადმი ლტოლვა უნელდება.
მოგზაურობა და დასვენება
თუ შვებულების წინ გუნების გაფუჭება არ გინდათ, ნუ გაუმხელთ ნათესავ-ახლობლებს, რომ მალდივის ან სეიშელის კუნძულებზე აპირებთ გამგზავრებას. გამორიცხული არ არის, მფლანგველობისთვის გისაყვედურონ და იმდენი გეჩიჩინონ, რომ განანონ კიდეც, საერთოდ დასვენების სურვილი რომ გაგიჩნდათ. აქ აღარაფერს ვიტყვით უფრო უარესზე − შურზე!
ჯობს ნათესავებს უცხოეთიდან რაიმე საჩუქარი ჩამოუტანოთ და პოზიტივით დამუხტოთ.
წარსულის შეცდომები
ნათესაურ შეკრებებზე ბევრს ეუფლება მათთვის გულის გადაშლის სურვილი. მაგრამ გახსოვდეთ, რაზეც მათთან ლაპარაკი არ ღირს − ეს წარსულის შეცდომებია.
თუ მთხრობელისთვის ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარებული ამბებია, ნათესავებისთვის ეს შესაძლოა დღის აღმოჩენად იქცეს... და ჭორები და განკიცხვებიც დაიწყოს. შესაბამისად, ნათესავებთან ურთიერთობა გაფუჭდება.
ერთადერთი, როდესაც ახლობელ-ნათესავების მხარდაჭერა ნამდვილად გჭირდებათ − ეს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი თქვენზე ძალადობს. ოღონდ ეს სანდო ნათესავი უნდა იყოს.