საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტები თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობენ

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საერთო მემორანდუმის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც მოიცავს ორი ქვეყნის პარლამენტების საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრის შემდეგ.
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა.
„დღეს საუბარი გვქონდა, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ პარლამენტებს შორის ურთიერთობა, ვიმუშაოთ თანამშრომლობის მემორანდუმზე პარლამენტებს შორის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბაზის შექმნას მთელი რიგი პროცედურების გამარტივებული განხორციელებისთვის, როგორიცაა საზღვრის გადაკვეთა და ტვირთების გადაზიდვა.
„ვფიქრობ, პარლამენტებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მხარს დაუჭერს და დაეხმარება იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, რომელზეც აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის არის საუბარი, რისთვისაც საჭიროა მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.