თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. სახლში თევზებიანი აკვარიუმის არსებობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა მოსაზრებაც არაერთ კვლევას ეყრდნობა.
მათი თქმით, ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იცოდნენ. აღმოსავლელი სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ თევზების ცქერა ამშვიდებს სულს და ადამიანს „მდაბალი ვნებებისგან“ ათავისუფლებს.
ამერიკაში ჩატარებულმა კვლევების შედეგებმა კი საერთოდ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. აღმოჩნდა, რომ აკვარიუმების მფლობელები უფრო ხშირად და უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას სწავლაში, კარიერასა და შემოქმედებაში, ვიდრე ისინი, ვინც აკვარიუმისტიკის ფასი არ იცის.
თანამედროვე ფსიქოლოგები ერთხმად გვირჩევენ შინ თევზების ყოლას, განსაკუთრებით, თუ ოჯახში ჰიპერაქტიური ბავშვია. მათი თქმით, ბავშვის სამეცადინო მაგიდასთან დადგმული აკვარიუმი მას მოდუნებასა და კონცენტრირებაში დაეხმარება.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აკვარიუმს შეუძლია მშვიდი ატმოსფერო შექმნას, რაც უბრალოდ აუცილებელია, თუ ოჯახში ბავშვები, სტრესისადმი მიდრეკილი ადამიანები და მოხუცები ცხოვრობენ.
თევზებიანი აკვარიუმის სარგებელი
აკვარიუმის წყალი ატენიანებს ოთახს, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე;
ბავშვი, რომელიც უყურებს, როგორ ცურავენ თევზები, აანალიზებს მათ ქცევას და ამით ანალიტიკურ უნარებსა და ყურადღებას ივითარებს;
აკვარიუმის თევზებზე ზრუნვა უვითარებს ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას;
კვლევები აჩვენებს, რომ თევზები დამამშვიდებელად მოქმედებენ ბავშვის ნერვულ სისტემაზე. შესაბამისად, აკვარიუმის შეძენა განსაკუთრებით რეკომენდებულია ჰიპერაქტიური და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის;
სხვადასხვა ფერის თევზების ყურება დადებითად იმოქმედებს ბავშვის ვიზუალური აპარატის განვითარებაზე და გრძნობათა ორგანოების ჩამოყალიბებაზე;
აკვარიუმის თევზი ასევე დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო განვითარებაზე, უღვივებს ინტერესს, მიიღოს ახალი ინფორმაცია;
განათებული თევზებიანი აკვარიუმი მშვიდად დაძინებაში ეხმარება ბავშვს, მით უმეტეს, თუ მას სიბნელეში დარჩენის ეშინია.