ქეთი ქველაძე პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია და თავისი საქმე ძალიან უყვარს. ერთ რიგით, პანდემიურ დღეს, როცა ქუჩაში გამოვიდა, იგრძნო, რომ დაცარიელებულ თბილისს თურმე ადამიანები მონატრებოდა. მაშინ ბევრი არ უფიქრია, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და ფოტოების გადაღება დაიწყო. როცა ბევრი კადრი დაუგროვდა მათ დათარიღებას შეუდგა და შესაფერისი სათაურებიც მოუფიქრა. პროფესიონალების დადებითი შეფასება სამომავლოდ იმის სტიმული გახდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა.
- ქეთი, ცხოვრებაში ყველაფერი ახალი ერთ მშვენიერ დღეს იწყება, გაიხსენეთ ის დღე...
- ყველაფერი დაიწყო გაზაფხულზე, როცა გამოთბა. მაშინ გარეთ მარტო სეირნობას მოვუხშირე. ერთ საღამოს გალაკტიონის ხიდიდან ნანახმა დაისის სურათმა მომტაცა თვალი. უცებ ვერ მოვითმინე და ტელეფონით რამდენიმე კადრი გადავიღე. მოგვიანებით, როცა მობილური გავხსენი ფოტოების დასათვალიერებლად, ყველა მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ვერ ვხვდებოდი რომელი კადრი შემენახა. მაშინვემენიშნა, რომ მივაგენი პოზიტივის უფსკერო საბადოს, რომელიც მასაზრდოებდა.
- როგორი იყო უჩვეულო კადრი, რომელიც თქვენს ობიექტივში პირველად მოხვდა?
- მაშინ ჩემ გარშემო მხოლოდ გამწვანებული, გაყვავილებული და გარინდული ქუჩები იყო. რაც შეეხება, უჩვეულო კადრს, მახსოვს მიუსაფარი ძაღლი შარდენის ქუჩაზე. ეტყობოდა, რომ მშიერი იყო, მაგრამ მაინც იმედიანი და მხნე მომეჩვენა. იჯდა წვიმიანი ქუჩის თავში და ამაყად მიყურებდა.
- რა აღმოაჩინეთ თბილისის ქუჩებში?
- ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს თბილისური ფერების ძიება და ტელეფონის საშუალებით მათი გადაღება დავიწყე. თურმე ჩვენს ქალაქში ამდენი ფერადი აივანი და ქუჩა ყოფილა. მახსოვს გადავიღე ერთი ფოტო, სადაც გაზაფხულის სურნელი „იგრძნობა“. გაბრიაძის თეატრთან რომ აყვავებული ჭერამია, იქ დავიჭირე ის კადრი. მას მერე, მობილური ჩავანაცვლე ფოტოკამერით, რომელსაც დავუმეგობრდი.
- ვიცი, რომ თქვენს ფოტოებს ამ საქმის პროფესიონალებმა უკვე მისცეს დადებითი შეფასება.
- დიახ, მიხარია, რომ სოცქსელებში ჩემს ფოტოებს აქტიურად იწონებენ პროფესიონალი ფოტოხელოვანები, მხატვრები და რეჟისორები. ისინი ჩემთვის თბილ კომენტარებს არასოდეს იშურებენ.
- მეგობრები რა აზრის არიან თქვენს გატაცებაზე?
- მათ ძალიან მოსწონთ და აკვირვებთ ჩემი გადაღებული კადრები. ხშირად მეხუმრებიან, რომ არ გვჯერა შენც თუ თბილისში ცხოვრობ, ჩვენც გაგვიყოლე ხოლმე როცა გადასაღებად გახვალო. მე ვიღიმები და მახარებს ამის მოსმენა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ რაც ჩავიფიქრე, შევძელი და გამომივიდა. სულ ვცდილობ მივაგნო გადასაღები ობიექტის ახალ რაკურსს, რომელიც მნახველის გაოცებას და მოწონებას გამოიწვევს...
ნინო მამულაშვილი