თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგებს და ამას ადასტურებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, დაწერა სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე „რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენთან თქვენს შეხედულებასთან?“ გამოკითხულთა 19%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, 4%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. არცერთი პარტიის შეხედულებას არ იზიარებს გამოკითხულთა 47%. ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა (54%) დადებითად აფასებს მთავრობის მუშაობას, და მხოლოდ გამოკითხულთა მესამედზე ოდნავ მეტი (38%) უკმაყოფილოა მისი მუშაობით.
„როდესაც ხელისუფლების საქმიანობას დადებითად 54% აფასებს, ისინი უკვე ჩვენი პოტენციური ამომრჩევლები არიან. ამიტომ, ხელისუფლების რეიტინგი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე 19%. არჩევნებამდე ბევრი სოციოლოგიური კვლევა გაკეთდება, მაგრამ მთავარი არჩევნებია. დარწმუნებული ვართ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებაში, რასაც თვით ამერიკული ორგანიზაციის ეს კვლევაც ასაბუთებს“, - წერს ხუნდაძე.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ხუნდაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, და ეს ციფრები ბევრჯერ შეიცვლება.
„თუმცა ფაქტია, რომ ნაცმოძრაობა ამ მაჩვენებლებით 4%-ს ვერ ლახავს, მითუმეტეს, უკვე ორად გახლეჩილი ნაცმოძრაობა. მთლიანად ოპოზიციურ პარტიებს 16% აქვს, ხოლო ერთ მმართველ პარტიას - 19%“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კრიტიკული შეხედულებები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, ხუნდაძის თქმით, ამ კვლევაში ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია. თავად ამერიკული ორგანიზაცია იუწყება, რომ საქართველოში დადებითი დინამიკაა და ამას ხალხი სწორად აფასებს, დასძინა მან.
„მართალია, პრობლემები ბევრია, მაგრამ უმთავრესი შეფასება არის ის, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი თავს ქვეყანაში უსაფრთხოდ გრძნობს. მშვიდობა უალტერნატივოა და ამას ხალხი სწორად აფასებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
გამოკითხვა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
„ხალხის ძალა" ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. ის 2022 წლის აგვისტოში შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თუმცა, პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.