საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა. უწყების ცნობით, ალიევთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ. ეს ისტორიული მეგობრობა დღეს გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ორმხრივი კავშირების განმტკიცების მიმართულებით მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლი და მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა, ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„შუა დერეფანი, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი ჩვენს რეგიონს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სამაგალითოა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებასა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ჩვენს მოლოდინებზე. ვხედავ, რომ არის პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტური მიდგომები, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს სამშვიდობო შეთანხმება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.
ელჩი: პარლამენტის სპიკერის ბაქოში ვიზიტი ურთიერთობებში დამატებითი სტიმული იქნება>>>
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
2021 წლის დეკემბრის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.