მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბი დროებით დაიკეტება

შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გვირაბის გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.