ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

გზაზე შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. უამინდობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შაბათს საღამოდან შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლას დაახლოებით 2,7 ათასი სატვირთო ელოდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.