თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტები იქნებიან პატრიოტული ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახით და ანტიქართული, ანტიევროპული კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას განუცხადა.
„2024 წლის არჩევნებზე, საერთო ჯამში, იქნება ორი ძალა, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი და შესაძლებლობა, რათა ოპოზიციის თოჯინების თეატრს გასცეს პასუხი.
„რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია, ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის. ეს იმართება ნაწილობრივ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოშია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და იმართება ქვეყნის გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მართვადი ოპოზიციის მიზანია - მიაყენოს ზიანი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მიაყენოს ზიანი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ეს იგივე ხალხია, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩაეთრია, საქართველო გადაეგდო ეკონომიკურ კოლაფსში, ასე რომ, ეს მცდელობები ამ ყველაფრის ნაწილია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.