თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის მარშრუტით ფრენების განხორციელება დაიწყო, იუწყება „პულკოვოს“ აეროპორტის მმართველი კომპანიის პრესსამსახური.
„ჯორჯიან ეარვეისმა“ დღეს დაიწყო ფრენები თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პულკოვოს“ აეროპორტიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათობით და კვირაობით Boeing 737 თვითმფრინავით შესრულდება.
„მოხარული ვართ მივესალმოთ Georgian Airways-ის პირველ რეისს. იმედია, მგზავრები სათანადოდ შეაფასებენ მარშრუტს და შესაძლებლობას გააგრძელონ მოგზაურობა მსოფლიოს პოპულარული მიმართულებებით", - აღნიშნა ასიათ ხალვაშმა, კომპანიის საავიაციო კომერციის დირექტორმა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.