რეისი მოსკოვიდან თბილისის აეროპორტში ვერ დაფრინდა - რა მოხდა

ამჟამად ყველა რეისი ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, ცუდი ამინდის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა.
როგორც აეროპორტში განაცხადეს, ამჟამად ყველა რეისი, მათ შორის, მოსკოვი-თბილისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.
„თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკვე დაფრინდა ქუთაისის აეროპორტში... იმედი გვაქვს, რომ ამინდი მალე გამოვა", - აღნიშნეს აეროპორტში.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.