თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა, იუწყება საქართელოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ცნობით, 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1.514.280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მონაცემი იყო 665.732 მგზავრი.
„ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4.504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერი - 737.478 რეისი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბული-ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.