ვის გაუუქმდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა - პროექტის დეტალები

ძველი ტიპის (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობები აქვს 218 ათასამდე მოქალაქეს
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა და უცხოელებმა 2011 წლის 28 ივლისამდე მიიღეს, გაუქმდება 2024 წლის 1 ივლისიდან, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ყველა მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID ბარათი) გაცემის დაწყებამდე, ანუ 2011 წლის 28 ივლისამდე, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.
ამასთან, პროექტის მიხედვით, გაუქმებული პირადობის მოწმობების ყველა მფლობელი მიიღებს ახალ დოკუმენტებს იმავე მონაცემებით, რომლებიც ძველ დოკუმენტებში იყო მითითებული.
ძველი პირადობის მოწმობების გაუქმების გადაწყვეტილებას კანონპროექტის ავტორები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნიან.
კანონპროექტის მიღება 2023 წლის 15 დეკემბრამდე იგეგმება.
2023 წლის 16 ნოემბრის ბოლო მონაცემებით, 217.766 მოქალაქეს აქვს ძველი ტიპის პირადობის მოწმობა, ამ დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტი აქვს.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყვის ID-ბარათზე, წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილებას ადასტურებს.
პირადობის მოწმობები ელექტრონული ჩიპებით საქართველოში 2011 წელს გაჩნდა. ID ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის ელექტრონულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, და დამატებითი დოკუმენტების გარეშე შეიძლება ამ მოწმობით წასვლა თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.