თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, მსაჯვრდებული ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი პირია. მან დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირადღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონებები - ბათუმში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი.
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.