თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის პოლიციის ინსპექტორს, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ ცოლი ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაში, გაჩერებულ ავტომობილში სცემა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სამნიძეს გირაოს შეტანა დაავალდებულა და მას დაზარალებულთან მიახლოება აუკრძალა.
ბრალდებული იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ის 2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.