თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ელჩებმა საქართველოს თავიანთი მხარდაჭერა დაუდასტურეს.
„დიპლომატებმა საქართველოს მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დაახლოება ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე პროცესია", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და არსებულ ვითარებაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კათოლიკოს-პატრიარქთან მიღებისას თითოეულმა ელჩმა პირადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი.
დიპლომატებმა კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები, დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი ილია მეორის როლი ქვეყნის განვითარებაში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.