მსოფლიო დღეს

გილად ერდანი: გაეროს გენერალური მდივანი მორალურად დაეცა

Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დღეს ახალი მორალური დაცემა გამოავლინა, ვინაიდან მისი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რეალურად ღაზაში ჰამასის ტერორის გაგრძელებას ემსახურება, განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა.
ამასთან მან კიდევ ერთხელ მოუწოდა გუტერეშს, გადადგეს თანამდებობიდან.
„გენერალური მდივნის დამახინჯებული ხედვა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას ღაზაში, რადგან ეს ჰამასის ტერორისტებს იმედს აძლევს, რომ ომი შეჩერდება და ისინი გადარჩებიან. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გენერალურ მდივანს, დაუყოვნებლივ გადადგეს — გაეროს სჭირდება მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმთან ომს, და არა მდივანი, რომელიც მოქმედებს ჰამასის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით“, — თქვა გილად ერდანმა.
მანამდე ანტონიუ გუტერეშმა, რომელიც გაეროს სათავეში 2017 წელს ჩაუდგა, პირველად გამოიყენა გაეროს წესდების 99-ე მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, უშიშროების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქციოს „ნებისმიერი საკითხი, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
„შევეჯახეთ რა ღაზაში ჰუმანიტარული სისტემის კოლაფსის სერიოზულ რისკს, მოვუწოდებ საბჭოს, დაეხმაროს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებას და გამოაცხადოს ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა“, — თქვა გუტერეშმა.
გაეროს გენმდივანმა უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება ამავე კვირაში სთხოვა.