თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ არ დაეთანხმება ღაზის სექტორში არანაირი ბუფერული ზონის შექმნას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ვაშინგტონის პოზიციას, რომ მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შემდეგ ანკლავის ზომა არ უნდა შემცირდეს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს ღაზის სექტორში ბუფერული ზონის მოწყობის გეგმების თაობაზე აცნობა, რომელიც მომავალში თავდასხმების ალბათობას აღკვეთს.
ამის საპასუხოდ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ღაზის მომავალთან დაკავშირებით — ეს ისაა, რომ არ დაუშვას სექტორის ტერიტორიის შემცირება.
„თუ ღაზის სექტორის შიგნით რამენაირი ბუფერული ზონა მოეწყობა, ეს ამ პრინციპის დარღვევა იქნება და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. თუ ეს ისრაელის ტერიტორიას ეხება, ამაზე არ ვილაპარაკებ — ეს ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს“, — აღნიშნა მილერმა მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ძირითადი საბრძოლო ოპერაციების დასრულების შემდეგ უნდა არსებობდეს დროებითი გარდამავალი პერიოდი, რათა „უსაფრთხოების ვაკუუმი" თავიდან იქნას აცილებული. ამასთან მან ვერ შეძლო იმის აღწერა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთი პერიოდის პარამეტრები.