თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
შეთანხმების ხელმოწერა საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ ერ-რიადში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ აღნიშნული შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეთანხმებაზე მუშაობა საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე საკუთარი შეხედულებისამებრ.
საქართველოსა და ომანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 1 იანვარს დამყარდა. 2012 წლის 12 სექტემბერს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ომანის გადაწყვეტილებით, 2014 წელს ომანის ელჩად საქართველოში კაის სალიმ ალი ალ საიდი დაინიშნა (ანკარაში რეზიდენციით). საქართველო ფარავს ომანს ქუვეითში საქართველოს საელჩოდან.