არცერთი სიტყვა კვარაცხელიას ტრანსფერზე - „ნაპოლის" ქართველთან განშორება არ სურს

გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. იტალიის გასული სეზონის ჩემპიონმა „ნაპოლიმ" საქართველოს ნაკრების გარემარ ხვიჩა კვარცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია დაიკავა და ფეხბურთელის შეძენის მსურველ ყველა კლუბს, მათ შორის ლონდონის „ჩელსის" უარი უთხრა, იუწყება გამოცემა Fichajes.com.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. „ნაპოლისთან" 100 მლნ ევროს ოდენობის კონტრაქტს ვადა 2027 წელს გასდის.
„ლონდონის „ჩელსი" აკვირდება „ნაპოლის" ერთ-ერთ ვარსკვლავს. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა გადაწყვიტა გააძლიეროს შეტევა. ლონდონელების სურვილია ხვიჩა კვარაცხელიას დამატება, რომლის გავლენაც „ნაპოლის" თამაშებზე წინა სეზონში (განსაკუთრებით სერია А-ში) შთამბეჭდავი იყო. თუმცა, „ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უარს აცხადებს კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებულ ნებისმიერ წინადადებაზე“, - წერს გამოცემა.
ჟურნალისტ რუდი გალეტის თქმით, იტალიის ჩემპიონს აღნიშნულ საკითხზე მტკიცე პოზიცია უჭირავს.
გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად. გარდა ამისა, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს, ხოლო ჩემპიონატის 26–ე ტურის ფარგლებში მისი გოლი „ატალანტის“ კარში 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.