კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი გახდა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რეფორმების გზაზე უზბეკეთის მხარდაჭერისთვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას აპირებს.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა დაიკავა.
გვენეტაძის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2023 წლის მარტში ამოიწურა.
„ცვლილების დროა - ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას", - დაწერა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში.
როგორც მან აღნიშნა, უზბეკეთი 2017 წლიდან ამბიციური რეფორმების, ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მრავალმხრივი რეფორმების რეალიზაციის გზას დაადგა.
„მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში!" - დაწერა გვენეტაძემ.
გვენეტაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ზედიზედ ხუთჯერ დაჯილდოვდა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის ვერსიით ნომინაციაში „ცენტრალური ბანკის საუკეთესო ბანკირი".