დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

კომერციული სექტორის ტარიფები, როგორც წესი, მიბმულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და გამოითვლება სპეციალური ფორმულით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პურზე ფასის გაძვირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy 2024 წლის 1 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გაზრდის - არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1,24 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1,29 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
„ამაზეც არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ, ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და ის უმნიშვნელოა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დავითაშვილის განმარტებით, ხდება გაზის კომერციული ნაწილის ფასების ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.
ფურის ფასი მერყეობს მაღაზიაში 1 ლარიდან 1,3 ლარამდე კერძო საცხობებში.
თბილისში 1 იანვრიდან კომერციული გაზის ფასი ძვირდება >>
Tbilisi Energy-მ 2023 წლის 1 სექტემბრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1,35 ლარიდან 1,23 ლარამდე შეამცირა, რასაც არ გამოუწვევია პურის ფასის შემცირება (პური გაძვირდა 2023 წლის იანვრიდან გაზის ტარიფის მომატების შემდეგ).