თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. პოლონეთში 19 წლის ახალგაზრდა ქალის გატაცებისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
33, 37 და 38 წლის მამაკაცებს ბრალად ედებათ 19 წლის გოგონას გატაცება და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - დაკავებულებს ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ გოგონას დედამ შეატყობინა.
„საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირებაზე მუშაობა", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გატაცებული გოგონა გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრის მოშორებით, 5 საათში იპოვეს.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ.