თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 2023 წლის 4 დეკემბერს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
გამოძიების მიხედვით, 54 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ავტომობილში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ შეტყობინება დაზარალებული ქალისგან მიიღო და სამართალდამცველი ოჯახში ძალადობისთვის დააკავა.