საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პაპუაშვილი ნატოში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატოში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე. 2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი საქართველომ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.