უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ქუჩის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია 10 ივნისიდან დაიწყო. მას შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუჩაზე ცალმხრივად იყო დაშვებული.
კალაძის თქმით, ქუჩაზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომლებიც ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს არ შეუშლის.

„ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები - ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ დარჩენილ სამუშაოებს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ქუჩაზე პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოეწყო განათების ახალი ქსელი, შეიქმნა ტროტუარებიც, რომლებიც ქუჩაზე საერთოდ არ არსებობდა.
კახა კალაძე ჩატარებულ სამუშაოებს თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი დავით ფაჩულია და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
უნივერსიტეტის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.
გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო.
სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.