თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 509 განაცხადი შევიდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 123 საქმეზე - 83 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
უწყების ცნობით, კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 69 საქმეზე გაფორმებულ 45 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი - 65 საქმეზე, ხოლო შვიდ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო ცხრა მოვაჭრეს, 20 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 12 საქმეზე - ცხრა შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.
ამასთან, საჩივრების 63% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 37% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ - აჭარა 6%, იმერეთი 4% და კახეთი 2%.
განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 172, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 150, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 26, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 18 საჩივარი.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საჩივრების 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 16%-ს, მშენებლობა 5%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ია.
ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.