თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy 2024 წლის 1 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გაზრდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20.000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.
„მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამგვარად, 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1,24 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1,29 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0,539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.