თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმა Skyscanner-თან ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.
კამპანია მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაშიც.
„კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 მილიონამდე შთაბეჭდილება (impression) და 1.500.000-მდე წვდომა (reach)“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.
წყარო - Skyscanner