თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების კრიტიკის ობიექტი მისი განცხადებების გამო.
ზურაბიშვილმა თავისი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, რომ „მოქალაქეები ვერ პოულობენ სამართალს საქართველოში და არსებობს პრობლემები ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“.
„ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
„როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ, კონკრეტიკა აუცილებელია“, - აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის ინსტრუმენტს უწოდებს.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
„პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მექანიზმი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს, რათა იქნებ 15 დეკემბრის წინა პერიოდში მაინც შექმნას ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და თუ ამ ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჰქონდეს სასაუბრო, რომ პოზიტიური განწყობილება საზოგადოებამ ან მისმა ძალისხმევამ განაპირობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
ამასთან ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე ქვეყანაში არასწორია.
„თუ ეს განაცხადა სასამართლოს ეხება, კარგად იცის, რომ სტრასბურგში მიმართვები საგრძნობლად შემცირდა, იმდენად, რომ ეს შეიძლება განაპირობებს კიდეც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მოწინავე პოზიციებზე შეფასებას და რეიტინგებში დაწინაურებას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევების გამო საქართველოს წინააღმდეგ კერძო სარჩელების რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3.045 სარჩელი შევიდა, 2023 წლისთვის კი მათი რაოდენობა 147 გახდა, რაც საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია, განაცხადა მინისტრმა.
პრეზიდენტი და „ოცნება"
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
მმართველმა პარტიამ ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ამიერიდან მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად რჩება.