თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ
უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე თვეა ქუჩაზე ცალმხრივადაა დაშვებული.
დედაქალაქის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად მივიდა და ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
„ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო გადაადგილების თვალსაზრისით, ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ, ზოგადად, საბურთალოს რაიონში იყო და ამ ქუჩის ჩაკეტვამ ბევრი პრობლემა შექმნა, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია ამ მასშტაბისა და ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება.
ირაკლი ბენდელიანის განაცხადებით, საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, ასევე ხდება შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი.
მისივე თქმით, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. განახლებულია გარე განათების ბოძები და პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია 10 ივნისიდან დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად უნდა შეცვლილიყო და განახლებულიყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში უნდა განთავსებულიყო.