თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონი მედეა ამირანაშვილი, იუწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
მედეა ამირანაშვილი (ლირიული სოპრანო) დაიბადა 1930 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში საოპერო მომღერლებისა და სახალხო არტისტების - პეტრე ამირანაშვილის და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში.
1953 წელს მედეამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1950-იან წლებში იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
მისი კონცერტები იმართებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და კანადაში.
მედეა ამირანაშვილის ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი პერსონაჟების პარტიები: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“ და „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვა.
გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის (მე-2 პრემია, 1960) და მადამ ბატერფლაის პარტიის საუკეთესო შესრულების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მე-3 პრემია, 1970, ოსაკა).
1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1982 წლიდან - პროფესორი).