თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა „ვეფხისტყაოსანი“ ბრაილის შრიფტით გამოსცა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ვეფხისტყაოსანი“ 1966 წლის გამოცემის მიხედვით დაიბეჭდა, რომლის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.
ბრაილის შრიფტით გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, შოთა რუსთაველის საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონს გადაეცა. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა დაეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ასევე - ლიტერატურის მოყვარულ უსინათლო მკითხველებს დამოუკიდებლად მუშაობაში, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და სრულფასოვან განათლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1966 წელს ბრაილის შრიფტით „ვეფხისტყაოსნის“ 100 ეგზემპლარი დაიბეჭდა. მათგან შემორჩენილი მხოლოდ ორი ეგზემპლარიდან ერთი ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტში, ხოლო მეორე - უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ბიბლიოთეკაში, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ არის სასკოლო პროგრამაში.
სამინისტროს ცნობით, „ვეფხისტყაოსნის“ ბრაილის შრიფტით გამოცემა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“, - გამარჯვებული პროექტია. წიგნი დაიბეჭდა სტამბაში „ტიპლოპოლიგრაფია“.